კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2018-03-16
მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი შესაძლოა გაფართოვდეს. მარტოხელა მშობლის სტატუსის ისეთი პირებისთვის მინიჭება იგეგმება, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს 18 წლამდე მარტო ზრდიან. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სტატუსის გადახედვაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც დღეს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
“სამოქალაქო კოდექსის“ დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.
მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.
|