საუდის არაბეთში ქალებსა და კაცებს თანაბარი სახელფასო ანაზღაურება ექნებათ. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა CBS-თან60 წუთიან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და მიზნად ისახავს იმ ნორმების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კაცებისა და ქალების თანაბარ ხელფასს", - განაცხადა მან.
მუჰამედ ბენ სალმანმა ასევე განაცხადა, რომ ეს ინიციატივა გაზრდის დასაქმებულ ქალთა რაოდენობას, რომელიც ამჟამად 22% -ს შეადგენს.
სალმანის თქმით, ასევე ქალებმა „ღირსეული ჩაცმულობის“ ინტერპრეტირება თავისუფლად უნდა მოახდინონ და ეს შავი კაბებით შეზღუდული არ უნდა იყოს.
19 თებერვალს, საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს. თებერვლის დასაწყისში კი მათ კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მიიღეს.
13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.