კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-03-26
"ნუ იქნები ჩუმად - შენ არ ხარ მარტო" - ამ სახელწოდებით, ქალებზე ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია დაიწყო.
კამპანიაში მონაწილეობენ და ქალთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ სპორსტმენები, მწერლები, იურისტები.
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, კახა კოჟორიძე, კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და ნიკოლოზ წულუკიძე, ფეხბურთელები ზურა ხიზანიშვილი, გიორგი ლორია და გურამ კაშია, მწერალი დათო ტურაშვილი – ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებიც ფეისბუქკამპანიაში ჩაერთო.
"ქალთა მიმართ ძალადობა ერთდროულად არის უღირსი საქციელიც, დანაშაულიც, ვერ გააზრება საკუთარი ისტორიის, საკუთარი კულტურის და ტრადიციის....გაჩუმება კი ძალადობის წახალისებაა;ჩვენი,თითეულის მორალური ვალდებულებაა ხმა ამოვიღოთ ძალადობის წინააღმდეგ"– განაცხადა თავის მიმართვაში კახა კოჟორიძემ.
"განსაკუთრებით მწყდება ხოლმე გული, როდესაც ასეთი ისტორიის, ასეთი წარსულის ქვეყანაში თავიდან ვიწყებთ ის ფასეულობებზე ლაპარაკს, რასაც ისედაც ეფუძნებოდა ჩვენი წინაპარი საზოგადოება... თანასწორობაზე საუბარი ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის ლიტერატურულ ტექსტში ხდება, ,,შუშანიკის წამებას” ვგულისხმობ. არსად დედამიწაზე არ არსებობს სხვა ხალხი,რომელიც ასეთ მაღალმხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებში ასე თამამად ლაპარაკობს თანასწორობაზე ... იმ ქვეყანაში,სადაც არის თამარ მეფე, სადაც არის შოთა რუსთაველი და სადაც დაიწერა ,,შუშანიკის წამება” , ნამდვილად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ძალადობაზე ლაპარაკი.”– განაცხადა დათო ტურაშვილმა.
,,ძალადობა ქალების მიმართ დისკრიმინაცია კი არა, უფრო კაცების სისუსტეა .. ჩემთვის ყოველთვის დედაჩემი იყო ყველაზე დიდი მაგალითი სიძლიერის, ამიტომ თქვენ, ქალბატონებო, მინდა, გაგამხნევოთ და გვერდით დაგიდგეთ. თქვენ არ ხართ მარტო “– გურამ კაშია
კამპანიის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, ხელი შეუწყონ საკითხის - როგორც "საზოგადო ჭირის" აღქმის გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პრობლემასთან ერთიანი, ინტელექტუალური, კეთილი ძალებით გამკლავებას.
|
 |