2018 წლის 25 მაისს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მიზნით ირლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდება.
ეს არის პირველი ასეთი მცდელობა ბოლო 35 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა აბორტის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპაში.
რეფერენდუმზე მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვიტონ, შეინარჩუნონ მე -8 შესწორება ირლანდიის კონსტიტუციაში, რომელიც კრძალავს აბორტს ან მხარი დაუჭირონ მის გაუქმებას.
2018 წლის იანვარში ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს მიმართა. ვარადკარი, რომელიც ირლანდიის ლგბტ თემის წარმომადგენელი პირველი პრემიერია, მიიჩნევს, რომ არსებული კანონი აბორტის შესახებ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
11 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათობით ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა დუბლინში აბორტის საწინააღმდეგო აქციაში.
ირლანდიაში აბორტის სრული აკრძალვა მხოლოდ ხუთი წლის წინ გააუქმეს. დღეს ქვეყნის კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევაში, ორსულობის ადრეულ ვადაზეც კი ქალს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით ირლანდიაში წლებია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კანონს აბორტის შესახებ „სასტიკი და არაჰუმანური“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტი ნებადართულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.