კატეგორია: გენდერული ძალადობა 2018-04-03
არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი მზად არის, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს.
ზვიად დევდარიანმა დღეს ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირა მის ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე.
„ეს იყო მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. ბოდიშს ვუხდი მათ ამისთვის. ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას, მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში. ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ ფეისბუქსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. სინამდვილეში რა იყო, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დავიწყე არა საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების, რეპუტაციის გადასარჩენად” , – აღნიშნა დევდარიანმა.
ზვიად დევდარიანმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მის გვერდით იდგა და მხარდაჭერას გამოხატავდა.
„ეს იყო რთულ პერიდოში უმნიშვნელოვანესი, ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი მარტო და ეს ამ სამართლებრივ პროცესში იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დევდარიანმა.
დევდარიანი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში მისი საქმიანობა დასრულებულია, და დაბრუნებას აღარ აპირებს. მისი თქმით, ის გეგმავს ამ ისტორიაზე წიგნი დაწეროს. "არაფრის მოგონება არ დამჭირდება" - ამბობს ის.
***
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.
|
|