ინდოეთის შტატ ჯამუში და კაშმირში 8 წლის გოგონას მკვლელობამ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და მმართველი პარტიის კრიტიკის მიზეზი გახდა.
8 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებათ გოგონას მკვლელობაში და გაუპატიურებაში, 16 აპრილს სასამართლოს წინაშე წარსდგა.
გოგონა გაიტაცეს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ამყოფეს, რის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში აუპატიურებდნენ და მოკლეს.
პირველი მოსმენის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. ბრალდებულების შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსანი და ორი პოლიციელი.
პატარა გოგონას სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღე ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები მმართველ პარტიას BJP-ს აკრიტიკებენ და გამოძიების გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ.
საპროტესტო აქციები დაიწყო იმის შემდეგ, როდესაც გამოვლინდა საშინელი დანაშაულის მოტივები. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო გეგმა, რომ მოხდეს მომთაბარე მუსულმანების ტომების გამოძევება რეგიონიდან, რომლებიც ძირითადად ინდუისტებით არის დასახლებული.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ინდოეთში ქალთა მკვლელობებისა და გაუპატიურების წინააღმდეგ გამოდიან და მოუწოდებენ მთავრობას შემოიღოს უფრო მკაცრი კანონები დამნაშავეების წინააღმდეგ, მათ შორის სიკვდილით დასჯა.