ნიუ - იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით აირჩიეს. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით 17 ადგილი იყო გათვალისწინებული.
საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. ხოლო საქართველოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის პირველ იანვარს იწყება.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი პრიორიტეტების შესაბამისად.
„საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პატივია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესებში. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზაობას უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობას გულისხმობს.
ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდას და მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.