77 წლის ინდოელ გურუს ასარამა ბაპუს სამუდამო პატიმრობა 16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს. შემთხვევა 2013 წლის აგვისტოში ქალაქ ჯოდფურში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, მშობლებმა გოგონა აშრამში (სულიერების ცენტრში) "ბოროტი სულებისგან განდევნის"რიტუალის ჩასატარებლად ჩამოიყვანეს. ამის ნაცვლად, ბაპუმ გააუპატიურა გოგონა და დაემუქრა, რომ მოკლავდა მის მშობლებს, თუ ის დუმილს დაარღვევდა. მიუხედავად ამისა, სახლში გოგონამ უამბო მშობლებს ინციდენტის შესახებ, რის შემდეგაც ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას და გურუსთან შეხვედრას.
ცოტა ხნის შემდეგ, გურუ დააპატიმრეს. ასარამა ბაპუს დაპატიმრებამ მისი მიმდევრების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ისინი მსხვერპლის ოჯახს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ.
გარდა ამისა, ბაპუს ასევე ბრალი ედება კიდევ ერთ გაუპატიურებაში და 9 ქალზე თავდასხმაში, რომლიდანაც სამი შემდგომში გარდაიცვალა. ამ საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.
ასარამა ბაპუ ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გურუა. თავისი პირველი აშრამი მან 1972 წელს შექმნა. ახლა მისი მიმდევრების რიცხვი მთელს მსოფლიოში თითქმის 40 მილიონს ითვლის. ბაპუს ერთ-ერთი მიმდევარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიცაა.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ბავშვების გაუპატიურების საშინელმა ფაქტებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 12 წლამდე გოგონების გაუპატიურებისთვის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა დაწესდა.