კატეგორია: განცხადებები  2018-05-04
8 მაისს, 14:00–16:00 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფისში (კოსტავას ქ. #1, ყოფილი პოლიციის შენობა) გამართავს შეხვედრას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.
შეხვედრაზე ლაგოდეხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, გამოკვეთენ საჭიროებებს, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში.
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ქალთა საჭიროებებზე მორგებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა. შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!
***
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია მუშაობს გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. პროექტის შესახებ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. |