კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-08
აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ჯხარკხანდში 17 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, არის შანსი, რომ ის გადარჩეს.
თავდასხმის გამო, ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულს დაზარალებულზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო, რის შემდეგ ის გოგონას თავს დაესხა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც ბოლო დღეებში შტატ ჯხარკხანდში მოხდა. გაიტაცეს, გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს კიდევ ერთი16 წლის მოზარდი. გოგონა სამწუხაროდ ვერ გადარჩა.
დანაშაულთან დაკავშირებით პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გაიტაცა გოგონა მეგობრის ქორწილში. შემდეგ ის რამდენიმე კაცმა გააუპატიურა და სახლში დაბრუნების ნებართვა მისცა.
მომდევნო დღეს სოფლის გამგებლებმა დააჯარიმეს ბრალდებულები 50 ათასი რუპიის (770 დოლარი) ოდენობით. საჩივრის გამო ეჭვმიტანილებმა გოგონას ოჯახის წევრები სცემეს, თვითონ კი ცოცხლად დაწვეს.

სასტიკმა მკვლელობამ და ძალადობამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღე ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება.
მანამდე, ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა 12 წლის ასაკის გოგონების გაუპატიურების გამო სიკვდილით დასჯა შემოიღო.
ამ გადაწყვეტილების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს. კერძოდ, გაუპატიურებისთვის მინიმალური სასჯელი 7-დან 10 წლამდე გაიზარდა. 16 წლის ასაკის გოგონების გაუპატიურების შემთხვევაში, მინიმალური სასჯელი 10-დან 20 წლამდე, ხოლო 16 წლამდე ასაკის გოგონების გაუპატიურების გამო სამუდამო პატიმრობა განისაზღვრა.
|