კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-06-27
სუდანში სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი
გააუქმა 19 წლის ნურა ჰუსეინს, რომელმაც მოძალადე ქმარი თავდაცვისას მოკლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის განაჩენი ხუთწლიანი პატიმრობით
შეიცვალა.
10 მაისს შარიათის სასამართლომ ნურა ჰუსეინი ქმრის
მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ჰუსეინს მამა აიძულებდა
დაქორწინებას უცნობ კაცზე, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია და დეიდასთან გაქცევა
მოახერხა. სამი წლის შემდეგ მამამ სთხოვა გოგონას დაბრუნებულიყო და პირობა მისცა,
რომ არ აიძულებდა დაქორწინებას. გოგონა დათანხმდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას
მიხვდა, რომ მოატყუეს. ქორწინება მაინც შედგა.
სასამართლოში გოგო ყვებოდა, რომ ქმრის ძალადობის
მსხვერპლი იყო. მისივე სიტყვებით, ქმარმა ის გააუპატიურა მაშინ, როდესაც
ბიძაშვილებს გაკავებული ჰყავდათ. ჰუსეინის თქმით, როდესაც ქმარმა მეორე დღეს იმავეს
გამეორება სცადა, მას დანა დაარტყა.
სუდანში, სადაც ფართოდ გავრცელებულია
იძულებითი ქორწინება, გოგონებს ზოგჯერ 10 წლის ასაკში აქორწინებენ. გაუპატიურება კი
ქორწინების შემდეგ არ ისჯება კანონით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა
ნურა ჰუსეინის მხარდასაჭერად ონლაინკამპანია #JusticeforNoura
(#სამართლიანობანურასთვის) წამოიწყო, რომელშიც არაერთი ცნობილი ადამიანი იყო
ჩართული.
|