კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-07-19
ესპანეთის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც გამორიცხავს სექსუალურ ურთიერთობებში რაიმე ბუნდოვანებას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
თუ ახალი კანონი იქნება მიღებული, სქესობრივი კავშირი პარტნიორების წინასწარი სიტყვიერი ან არავერბალური თანხმობის გარეშე განიხილება, როგორც გაუპატიურება.
"თუ ვინმე ამბობს „არას“, ეს ნიშნავს „არას“, თუ ვინმე არ ამბობს „ჰოს“, ეს „არას“ ნიშნავს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ– მინისტრმა.
კანონის მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2016 წელს ესპანეთის ქალაქ პამპლონაში 18 წლის ქალი 5–მა კაცმა გააუპატიურა.
მაშინ სასამართლომ მათ სექსუალური ძალადობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და მსხვერპლისთვის კომპენსაციის გადახდა მიუსაჯა. მოსახლეობამ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტა და ქუჩებში გამოვიდა. აქტივისტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „ეს სექსუალური ძალადობა არ არის, ეს გაუპატიურებაა!“. მომიტინგეები ბრალდებულებისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ.
კანონის მიღების შემდეს ესპანეთი შეუერთდება იმ ქვეყნებს, მათ შორის ბრიტანეთს, კანადას და შვედეთს, სადაც თანხმობის არარსებობა სქესობრივი კავშირის დროს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და განიხილება, როგორც გაუპატიურება.
|