სომალის ცენტრალურ ნაწილში, წინადაცვეთის ოპერაციის (FGM) შემდეგ 10 წლის გოგონა გარდაიცვალა, რამაც უფლებადამცველების დიდი პროტესტი გამოიწვია. აქტივისტებმა მოუწოდეს ხელისუფლებას მოახდინოს ამ საშინელი პრაქტიკის კრიმინალიზაცია.
წინადაცვეთის ჩატარების შემდეგ გოგონას სისხლის დენა დაეწყო, რომელიც ვერ შეაჩერეს. გოგონა ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ქალი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, არ იყო დაკავებული. თუმცა დაპატიმრების შემთხვევაში მას ვერ დასჯიდნენ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი კანონი. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სომალიში ", - აცხადებენ აქტივისტები.
ყოველწლიურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 3 მილიონ 14 წლამდე ასაკის გოგონას გენიტალიებზე მანიპულაციას იძულებით უტარებენ.
ამ უძველესს რიტუალს სულ მცირე 27 აფრიკულ ქვეყანაში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ატარებენ და ხშირ შემთხვევაში პროცედურა, ანესთეზიისა და სტერილური პირობების დაცვის გარეშე, სამართებლით, მაკრატლით ან სხვა ბასრი ინსტრუმენტით ტარდება.
ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომალიში, გვინეაში, სუდანსა და მალიში ფიქსირდება.
გაერო-ს მონაცემებით, სომალიში ქალებისა და გოგონების 98%–მა 15-დან 49 წლამდე ასაკში გაიარა ეს რიტუალი.
სომალის კონსტიტუცია კრძალავს წინადაცვეთას, თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც დამნაშავეს დასჯიდა. ეს დაკავშირებულია ქვეყანაში მუსლიმი ლიდერების დიდი გავლენით, რომლებიც განიხილავენ წინადაცვეთას, როგორც მათი ტრადიციის ნაწილს.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 200–მა მილიონმა გოგონამ და ქალმა განიცადა წინადაცვეთა და როგორც წესი, ეს გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას –კლიტორექტომიას და მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა და სიკვდილიც. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. წინადაცვეთის პროცედურა ფატალურად არ მთავრდება, გოგონებს მთელი ცხოვრება დამახინჯებული გენიტალიებისა და განადგურებული სულიერი მდგომარეობის ქვეშ უწევთ ცხოვრება.