კატეგორია: სპორტი  2018-09-10
აშშ–ს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA)–მა მხარი დაუჭირა სერენა უილიამსის ბრალდებას, რომელმაც აშშ-ს ღია პირველობის ფინალის მსაჯი კარლო რამოსი სექსიზმში დაადანაშაულა.
ლეგენდარული ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომელიც ამერიკის ღია პირველობის (US Open) ფინალში იაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხდა, მატჩის დროს წესების სამჯერ დარღვევისთვის $17 ათასით დააჯარიმეს. ჯამური თანხიდან $4 ათასი დოლარი მწვრთნელის კარნახისთვის, $3 ათასი გატეხილი ჩოგნისთვის და კიდევ $10 ათასი არბიტრის შეურაცხყოფისთვის.
თამაშის დროს სერენა უილიამსმა არბიტრთან, კარლო რამოსთან იკამათა, ქურდი უწოდა და თამაშის დასრულებისას მისთვის ხელის ჩამორთმევაზეც უარი თქვა.
"მე მინახავს, როგორ მოიხსენიებენ ჩოგბურთელი–კაცები არბიტრებს სხვადასხვა სიტყვებით. მე ვიბრძვი ქალთა უფლებებისა და თანასწორობისათვის. ის ფაქტი, რომ სიტყვა "ქურდის" გამო არბიტრმა გეიმი წამართვა, მაიძულა მეგრძნო, რომ ეს არის სექსიზმი. ის არასდროს არ წაართმევდა გეიმს კაცს ამ სიტყვის გამო. ეს შოკია ჩემთვის. მაგრამ მე გავაგრძელებ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას. მე ვგრძნობ, რომ უნდა ვიყო მაგალითი ყველასთვის, ვისაც სურს გამოხატოს თავისი ემოციები, საკუთარი თავი და სურს იყოს ძლიერი ქალი. დღევანდელი დღის გადმოსახედიდან მათ ამის უფლება მიეცემათ. ალბათ, ჩემთვის ამან არ იმუშავა, მაგრამ სხვა ადამიანისთვის იმუშავებს ", - ციტირებს უილიამს WTA- ი.
როგორც ცნობილია, ჯარიმის თანხას უილიამს საპრიზო თანხიდან ჩამოაჭრიან. US Open-ის ფინალში მონაწილეობისთვის ჩოგბურთელმა $1,85 მილიონი უნდა მიიღოს.
|