კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-09-21
ინდოეთის ფედერალურმა მთავრობამ მუსლიმთა ე. წ. “მყისიერი განქორწინების” ანუ "სამგზის ტალაქის" პრაქტიკის გაუქმების დადგენილება გამოიტანა. ტრადიცია დასჯადი დანაშაული გახდა.
ქვეყანაში მუსლიმ კაცებს ცოლთან განქორწინება რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა სიტყვა “ტალაქის” (არაბულად – განქორწინება) სამჯერ წარმოთქმა, ხოლო ქალი ამ შემთხვევაში თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფის უფლებას სრულად კარგავს.
ინდოეთის მთავრობამ დადგენილება "სამგზის ტალაქის" აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო მას შემდეგ, როც ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტის მიღება ვერ მოახერხა. დადგენილების მიხედვით, ქმრები, რომლებიც ცოლთან გაშორებას "მყისიერად" გადაწყვეტენ დაისჯებიან თავისუფლების აღკვეთით 3 წლის ვადით ან ჯარიმით.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში "ტალაქს" უფრო დიდი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე სამოქალაქო განქორწინებას.
2017 წელს ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ ასევე გამოიტანა ამ პრაქტიკის გაუქმების დადგენილება. სასამართლომ ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსული მოვლენა უწოდა. თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ამ პრაქტიკის გამოყენება არ შეწყვეტილა.
|