კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-10-15
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.
16 წლის ჰუსნია მამედოვა სოფელ თულარის მკვიდრმა სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. გატაცებულის ოჯახის თქმით, გოგო სახლიდან, ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. მათ მანქანაში სავარაუდოდ კიდევ ორი ელოდებოდა.
„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 20 წლის იქნება. ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის მიზნითო მოიტაცეს, მაგრამ ჩვენ კეტეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას და ჩვენი ბრძოლით მივცემთ მაგალითს ყველა გატაცებული გოგოს ნათესავებს, რომ არ შეიძლება ასეთ ფაქტებთან შეგუება“, - განაცხადა გოგონას მამამ, მუბარიზ მამედოვმა.
ოჯახი პოლიციას მაშინვე დაუკავშირდა, მაგრამ გატაცებულს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება. იმალებიან გამტაცებელი კაცის მშობლებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან, ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.
|