კატეგორია: ექსკლუზივი ![](images/shortcut.gif) 2018-11-12
9 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება“ გაცნობა, მუნიციპალიტეტში ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გაწერილი რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან და მოხდა საჭიროებების გამოკვეთა, რათა ეს საკითხები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სოფელ პერევის მოსახლეობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის კუთხით. გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ 34 სამოქმედო გეგმებში, რომელიც 66 მუნიციპალიტეტში შემუშავდა, მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა და დოკუმენტებში აისახა გუსრ 1325-ის საკითხები. აქედან 12 მუნიციპალიტეტს ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა: კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -მ, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ 2018 წლის ნოემბერში დაიწყეს პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ განხორციელება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას.
პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
|
![](images/spacer.gif) |