ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ, როგორ ანაზღაურებენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას.
2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურებს შრომას სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად.
თუ დამსაქმებლებმა ეს არ გააკეთეს, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს დღეში 500 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.
2017 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიკტსონმა განაცხადა, რომ ისლანდია 2022 წლამდე აღმოფხვრიდა გენდერულ უთანასწორობას შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისით.
ისლანდიაში ადრევე დანერგეს კვოტირების მეთოდი. ეს გულისხმობს, რომ კომპანიაში, რომელსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებულების მინიმუმ 40%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ისლანდია, რომლის მოსახლეობა 323 000 ადამიანს არ აღემატება, უკვე მეცხრე წელია პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგადაა დაცული გენდერული ბალანსი. ამის მიუხედავად, ქალები აქაც კი 14%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ კაცებთან შედარებით.