კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-02-08
თეთრი სახლის განცხადებით, დაიწყო ქალთა განვითარების და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივის განხორციელება. ამ პროექტს უხელმძღვანელებს აშშ–ს პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, ივანკა ტრამპი. ინიციატივის განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო და სხვა ფედერალური უწყებები.
პროექტი მიზანად ისახავს არსებული პროგრამების კოორდინაციასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც დაეხმარება ქალებს განვითარებად ქვეყნებში იპოვონ სამუშაო, მოიპოვონ ფინანსური გრანტები და განახორციელონ სამართლებრივი რეფორმები.
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, დაახლოებით 50 მილიონი ქალი შეძლებს დახმარების მიღებას, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა პროექტის დაწყების შესახებ და ხელი მოაწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ. მან ინიციატივა "ისტორიულ ნაბიჯად" შეაფასა. ტრამპმა განაცხადა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სტაბილურობის დამყარებას მთელს მსოფლიოში.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა.
დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობით საქართველოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვითარდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს“, – მიმართა ნინო ზამბახიძემ დონალდ ტრამპს.
„მადლობა, მე ამას ვაფასებ“, – უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ინიციატივის დასაფინანსებლად იგეგმება კერძო ბიზნესის მოზიდვა. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფუძნებულია ფონდი 50 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს თანხა უკვე გათვალისწინებულია ფედერალურ ბიუჯეტში. USAID–მა კომპანია Pepsi Co- სთან ერთად გამოაცხადა პარტნიორული პროექტის შესახებ, რომელიც ინდოეთში ქალთა გაძლიერებას შეეხება. კიდევ ერთ ერთობლივ პროექტს სააგენტო საფოსტო კავშირის ოპერატორთან UPS–თან განახორციელებს. მისი ამოცანაა, დაეხმაროს ქალებს, რომლებიც ექსპორტით არიან დაკავებულები.
|