კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-02-28
მთელს მსოფლიოში, ქალებს კაცებთან შედარებით გააჩნიათ იურიდიული უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი და ეს ზღუდავს მათი სამუშაოს მიღების, საკუთარი ბიზნესის შექმნის, ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში: "ქალები, ბიზნესი და სამართალი - 2019: რეფორმების ათწლეული".
კვლევაში შეტანილი ინდექსი ითვალისწინებს ქალების მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს დასაქმებიდან-პენსიამდე და ამ ეტაპებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დაცვის მექანიზმებს. მონაცემები მოიცავს ათი წლის პერიოდს, რომლის დროსაც 187 ქვეყანა შეფასდა რვა ინდიკატორის მიხედვით.
„სიტუაცია იცვლება, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად და კანონები [მთელ რიგ ქვეყნებში] 2.7 მილიარდ ქალს კვლავაც არ აძლევს იმავე წვდომას სამუშაოზე, როგორც კაცებს“- ნათქვანია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 131 ქვეყანაში, 274 ნორმატიულ-სამართლებრივი რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. 35-მა ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო ზომები სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ და დღესდღეობით ამ დაცვით დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი ქალი სარგებლობს ვიდრე 10 წლის წინ.
22 ქვეყნის ეკონომიკაში აღმოიფხვრა შეზღუდვები, რომელიც ქალებისთვის ასობით პროფესიას კრძალავდა, მათ შორის პრესტიჟულსა და მაღალანაზღაურებადს. 13 ქვეყანაში კანონები იყო მიღებული, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებლებს თანაბარი მუშაობისთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდას.
6-მა ქვეყანამ - ბელგია, დანია, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და შვედეთი - რეიტინგში მაქსიმალური 100 ქულა მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ქალები და კაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ათი წლის წინ ასეთი შედეგი არც ერთმა ქვეყანამ არ არჩვენა.
თუმცა, როგორც აღნიშნულია ანგარიშში, 56 ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ განუხორციელებია რაიმე გაუმჯობესება ზოგადად თანასწორობის კანონებში.
ინდექსმა ასევე აჩვენა განსხვავებები მსოფლიოს რეგიონებს შორის. ასე, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები ყველაზე მაღალი თანასწორობის მაჩვენებელით გამოირჩევა, სადაც ქალები საშუალოდ მამაკაცების უფლებების 85%-ით სარგებლობენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალები კაცების ნახევარზე ნაკლებ უფლებებს ფლობენ.
რეიტინგში საქართველო 79 ქულით 82 ადგილს იკავებს და ყველაზე დაბალი შეფასება (50 ქულა) ქვეყანამ პენსიების მიღების კუთხით მიიღო.
|