კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-03-12
ორი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც Amnesty International- მა, როგორც "უკიდურესად არასამართლიანი" შეაფასა, ირანელ უფლებადამცველს ნასრინ სოტუდეხს 38 წლით თავისუფლების აღკვეთა და 148 როზგი მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველის ქმარი, რეზა ხანდანი, თავის Facebook გვერდზე ავრცელებს.
55 წლის ნასრინ სოტუდეხი უკვე იხდის სასჯელს თეირანის ციხეში. ის დააპატიმრეს 2018 წლის 13 ივნისს, შემდეგ კი ჯაშუშობისთვის ხუთი წელი მიუსაჯეს.
ახალი განაჩენი 2018 წლის 30 დეკემბერს იყო გამოტანილი, თუმცა მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი.
სოტუდეხი, რომელმაც თავისი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნა, მრავალი წელია იბრძვის ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ და იდევნება ირანული მთავრობის მხრიდან.
2012 წელს ევროპარლამენტმა ნასრინ სოტუდეხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა.
|