კატეგორია: ექსკლუზივი ![](images/shortcut.gif) 2019-03-21
7 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა აქცია „ყოჩივარდები გამყოფი ხაზიდან“. აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების მიქცევას, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე, საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრში განლაგებულ, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებებზე.
აქციის დაგეგმვამდე , ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ეწვივნენ სოფელ ჩორჩანას და ადგილობრივებს შეხვდნენ.
შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სოფლის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის წყლის, ინფრასტრუქტურის, გზის, ტრანსპორტის, მობილური კავშირისა და ამბულატორიის. მოსახლეობისთვის ტყე და მინდვრები ერთ-ერთი საარსებო წყაროა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები გააკეთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მალე აქ ახალ საოკუპაციო ხაზს გაავლებენ ან მავთულხლართებს გაჭიმავენ. ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი ქალები ყოჩივარდებს აგროვებენ და შემდგომ 3-8 მარტს ხაშურში გასაყიდად მიაქვთ. ამისათვის ქალებს უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ. ახლა კი, განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყვავილების მოგროვება მათთვის ასევე უსაფრთხოების საშიშროებას წარმოადგენს.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის „ყოჩივარდები გამყოფი ხაზიდან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ჩორჩანას მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ და სპეციალური საჩუქრები გადასცეს.
თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე „ერთად ვეძებოთ გზები“ ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ თავის გამოსვლაში ახსენა ხაშურის პატარა, 16 ოჯახიანი სოფელი ჩორჩანა, რომელსაც ძალიან უჭირს მოსავლის გაყიდვა და გაზაფხულზე ყოჩივარდების იმედზე არიან. ამის შემდეგ აქციას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია m² შემოუერთდა, რომელმაც სრულად შეისყიდა ქალებისგან ყვავილები და გადასცეს საჩუქრად სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. სარვამარტოდ კი ყოჩივარდები გამყოფი ხაზიდან გადაეცემა თბილისში მდებარე კათარზისს.
|
![](images/spacer.gif) |