კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-04-08
48 მომავალმა ქალმა პარლამენტარმა, რომლებმაც თემთა პალატაში გამართულ ღონისძიებაში Daughters of the Vote მიიღეს მონაწილეობა, კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს სიტყვით გამოსვლის დროს მას ზურგი შეაქციეს. ეს პროტესტი დაკავშირებული იყო ორი ქალი-მინისტრის გადადგომასთან, რომელიც ბოლო დროს მოხდა კანადაში.
ტრუდო მიმართავდა 338 ახალგაზრდა ქალს, რომლებიც პოლიტიკაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაზრდის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

თებერვალში გადადგომის თაობაზე სახაზინო საბჭოს თავმჯდომარემ ჯეინ ფილპოტმა განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის გამო, რომელიც კანადური საინჟინრო - სამშენებლო კომპანიის SNC-Lavalin- ის ირგვლივ ატყდა.
მარტში კი, იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯოდი უილსონ-რეინბოულდი საკუთარი განცხადების საფუძველზე ასევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ მან განუცხადა თემთა პალატის იუსტიციის კომიტეტის წევრებს, რომ პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს კანცელარიის წარმომადგენლებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს კომპანია SNC-Lavalin- ის თაღლითობის საქმის გამო.
უილსონ-რეინბოულდის განცხადებით, მას აიძულებდნენ ზეწოლა განახორციელებინა ფედერალურ პროკურორებზე, რათა მათ კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეეწყვიტათ. მტკიცებულების სახით, მან წარადგინა შეტყობინებები და პირადი საუბრების ჩანაწერები, რომელსაც კანცელარიის თანამშრომლებისგან ღებულობდა.
კომპანიის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენი არ მისცემს მას შესაძლებლობას მთავრობის კონტრაქტები შეესრულოს და ათასობით სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს.
ამის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორი ყოფილი მინისტრი ლიბერალური პარტიიდან გააძევა. ამ ნაბიჯმა გამოიწვია ბრალდებები, რომ ლიბერალებმა დაარღვიეს 2015 წლის საარჩევნო ვალდებულებები გენდერული თანასწორობის შესახებ.
|