კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-04-08
ბრიტანეთის მკვიდრი, ლალეჰ შაჰრავეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააპატიმრეს და უფლებადამცველთა განცხადებით მას ორწლიანი პატიმრობა და დიდი ოდენობის ჯარიმა ემუქრება. ქალს ბრალად ედება მისი ყოფილი მეუღლის Facebook- ზე „შეურაცხმყოფელი“ კომენტარის გავრცელება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ისტორია, რომლის გამოც შაჰრავეში დააპატიმრეს, 2016 წელს დაიწყო. ქალის ოჯახი დუბაიში რვა თვის მანძილზე ცხოვრობდა. ამის შემდეგ ლალეჰი ქალიშვილთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისი მეუღლე დუბაიში დარჩა და მალევე ინგლისში უნდა ჩასულიყო. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ქალმა ქმრისგან მოულოდნელად განქორწინების შესახებ საბუთები მიიღო.
განქორწინების შემდეგ, შაჰრავეშმა ყოფილი ქმრის ახალი ქორწინების სურათები Facebook- ის გვერდზე ნახა და ინგლისიდან კომენტარები დაუტოვა.
ამ ფაქტის მერე, რამდენიმე წელი ლალეჰ შაჰრავეში ქალიშვილთან ერთად ინგლისის ქალაქ რიჩმონდში ცხოვრობდა, სადაც უსახლკაროთა თავშესაფარში მუშაობდა.
2019 წლის მარტის დასაწყისში კი გაიგო, რომ ყოფილი ქმარი გულის შეტევით გარდაიცვალა და შვილთან ერთად მეუღლის დაკრძალვაზე დუბაიში გაემგზავრა. თუმცა, ლალეჰ შაჰრავეში მის არასრულწლოვან შვილთან ერთად პოლიციამ აეროპორტში დააპატიმრა.
გაირკვა, რომ კაცის ახალმა მეუღლემ 3 წლის წინ გაკეთებული კომენტარის გამო პოლიციას მიმართა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი კანონი კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ, რომლის თანახმად სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
უფლებადამცველების განცხადებით, ლალეჰ შაჰრავეშის სასამართლო 11 აპრილს გაიმართება. მისი შვილი კი ინგლისში გაემგზავრა, სადაც ახლა ნათესავებთან ცხოვრობს.
|