კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-04-11
ახალგაზრდა სუდანელი ქალის ფოტოსურათი, რომელის ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში ანტი-სამთავრობო აქციის დროს იყო გადაღებული, წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.
ქალი თეთრ ტანსაცმელში 22 წლის ალაა სალაჰია. ის სიმღერით მიმართავდა მომიტინგეებს და შეძახილით "thawra!" ("რევოლუცია") მოუწოდებდა მათ რევოლუციისკენ.
ახალგაზრდა ქალი ქვეყნის სამხედრო შტაბთან ათობით ათასს ქალს მიმართა და მოუწოდა ხმა აემაღლებინათ ქალების სისტემატიური შევიწროების წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტი ომა ალ-ბაშირი შარიათის კანონების მეშვეობით ახორციელებს.
"ის ცდილობდა ყველასათვის იმედი და პოზიტიური ენერგია გადაეცა და მან ეს შეძლო. იგი წარმოადგენდა ყველა სუდანელ ქალსა და გოგონას და შთააგონა ყველა ვინც კი აქციაში მონაწილეობდა.... ის არაჩვეულებრივი იყო ", - იხსენებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სუდანში ქალები აწყდებიან ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. აღნიშნული აკრძალვა მიმართულია ჟურნალისტებისა და ქალი აქტივისტების წინააღმდეგ.
პოლიცია იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს „ამორალური ქმედებების“ შესახებ, რათა აუკრძალოს ქალებს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მათთვის მიუღებელია. სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუცია ავალდებულებს ქალებს, ჩაიცვან ისლამური და კულტურული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ატარონ თავსაბურავი. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ხართუმში საჯარო წესრიგის პოლიცია დღეში დაახლოებით 40 ქალს აპატიმრებს ისლამური წესების დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, რომ სუდანში უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად პურის გაძვირებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომა მოითხოვეს. აქციების დარბევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს კი გახდა ცნობილი, რომ სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის სავარაუდო მიზანი პრეზიდენტის ომა ალ-ბაშირის გადადგომაა.
|