კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-04-15
„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აზარტულ თამაშებში ჩართული სკოლის მოსწავლეების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის 500-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 55% ბიჭი, 45% გოგო იყო. გუგა ბესელიას თქმით, მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.
ბესელიას თქმით, ცუდი არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თამაშების მიმართ დამოკიდებულება. მისი თქმით, თუ გამოკითხულთა კატეგორიას გამოვაკლებთ 14 წლის მოზარდებს, 15-18 წლის მოსწავლეებში აზარტულ თამაშებთან შეხების მაჩვენებელი 59%-მდე იზრდება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიჭების 56%-ს და გამოკითხული გოგოების 44%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხება.
მოზარდები ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტრეკლამით იღებენ - 75%. ბესელიას თქმით, ასევე პრობლემაა ის, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბილბორდებია.
5 აპრილს პარლამენტმა აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის და მან მხოლოდ 42 კოლეგის მხარდაჭერა მიიღო. კანონპროექტის ძირითად იდეას, როგორც ირკვევა, უმრავლესობა იზიარებს, რამდენიმე ნორმა სადავო აღმოჩნდა, მათ შორის ის, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.
|