კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-05-31
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან.
გენდერული თანასწორობის საბჭომ საკითხზე ნანა კოსტავას საბჭოდან დათხოვის შესახებ რიგგარეშე საგანგებო სხდომა გამართა. წევრების გადაწყვეტილებით ნანა კოსტავამ დღეს გენდერული საბჭო დატოვა. დღესვე ხმათა უმრავლესობით საბჭოს მდივნად ანა შალიკიანი იქნა არჩეული.
"ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან! დღეს გვაქვს მოცემულობა როდესაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებებს, და ქმედებას. ამ დიდი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, ბენეფიტების "დაწერა" მიმაჩნია პოლიტიკურად ამორალურად" - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში საბჭო 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, იგი 20 წევრით იყო დაკომპლექტებული და მასში საკრებულოს ოთხივე ქალი დეპუტატი იყო გაწევრებული. საბჭოს დებულებაში, გასული წლის ოქტომბერში შეტანილი ცვლილებით წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. მიმდინარე მონაცემებით, საბჭო უკვე 19 ადამიანისგან შედგება და უახლოეს მომავალში 2 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდება.
|