კატეგორია: ექსკლუზივი 2019-07-02
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მაგთიკომთან თანამშრომლობით კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, ე.წ გამყოფი ხაზიდან 100 მეტრში მდებარე სოფელ ჩორჩანაში არსებობდა და დაკავშირებული იყო ინტერნეტის და მობილური კავშირის ხელმისაწვდომობასთან გადაჭრილია.
ამიერიდან სოფლის მოსახლეობა ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს მობილური ინტერნეტი და ისარგებლოს მობილური კავშირით.
ეს შესაძლებელი გახდა პრობლემის ადვოკატირებით, რომელიც განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ და გამოვლენილი იყო სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს.
შეგახსენებთ, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ეწვივნენ სოფელ ჩორჩანას და ადგილობრივებს შეხვდნენ.
შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სოფლის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის წყლის, ინფრასტრუქტურის, გზის, ტრანსპორტის, ამბულატორიისა და ასევე მობილური კავშირის.
გამომდინარე სოფლის მდებარეობიდან, სადაც მოსახლეობას უწევს საფრთხისშემცველ პირობებში ცხოვრება, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მიიჩნია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სოფლისთვის აუცილებელია მობილური ქსელის გამართული მუშაობა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა.
პრობლემის მოსაგვარებლად, ორგანიზაციამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ მაგთიკომთან“ თანამშრომლობით, გადაჭრა არსებული პრობლემა.
|