კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-07-12
წელს საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს შეარბილოს აკრწალვები, რომელსაც აწყდებიან ქალები საზღვარგარეთ გამგზავრებისას და საშუალებას მისცემს დატოვონ სამეფო მეურვე კაცის (ქმარის ან მამრობითი სქესის ნათესავის) ნებართვის გარეშე. ამის შესახებ The guardian იტყობინება.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მეურვეობის შესახებ კანონების გადახედვა სამთავრობო კომიტეტს დაავალა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით საუდის არაბეთში, ყველა ასაკის ქალს და 21 წლამდე ასაკის კაცებს არ აქვთ უფლება გაემგზავრონ საზღვარგარეთ მეურვის თანხმობის გარეშე.
ქვეყანაში მეურვის თანხმობის გარეშე ქალს ასევე არ აქვს ბანკში ანგარიშის გახსნის, სახლიდან გასვლის და სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლება.
ქალებს შეუძლიათ იმუშაონ მეურვის თანხმობის გარეშე, თუმცა ზოგიერთი დამსაქმებელი მაინც ითხოვს მეურვის თანხმობას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს ასეთ პრაქტიკას. 2018 წლის 15 თებერვალს ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ამიერიდან ქალებს აღარ სჭირდებათ მამაკაცი მეურვის თანხმობა ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად. 2019 წლის ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ რეფორმა რეალურად პრაქტიკაში, როგორც ჩანს, არ გატარდება.
2018 წლის 24 ივნისს ქვეყნის მთავრობამ მოხსნა აკრძალვა ქალებისთვის ავტომობილების მართვაზე. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ამ პერიოდში წერდა, რომ საკმაოდ ჭიანურდებოდა ქალებისთვის მართვის მოწმობის აღების პროცესი და მართვის სასწავლო სკოლებში მიღება, რადგან შეზღუდული იყო სასწავლო დაწესებულებებისა და ქალი მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია გენდერული ნიშნით განცალკევებული პროგრამის პირობებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქალები კვლავ აწყდებიან სერიოზულ დისკრიმინაციას როგორც საკანონმდებლო, ასევე ყოფით დონეზე და ბევრი მათგანი კვლავ არ არის ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ.
|