კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-07-25
რუსეთში ათასობით ქალი შეუერთდა სოციალურ კამპანიას, რომლის მიზანია ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ახალი კანონის მიღება.
კამპანიის ორგანიზატორებმა ალინა პოპოვამ და ალექსანდრა მიტროშინამ მოუწოდეს ქალებს სოციალურ ქსელებში თავიანთი ფოტოები გამოექვეყნებინათ ჰეშტაგით: "მე არ მინდოდა სიკვდილი"(«Я не хотела умирать») და ამით მხარდაჭერა გამოეხატათ ოჯახში ძალადობის კანონის მიღების აუცილებლობაზე.

კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, ასეთი კანონი მოქმედებს მსოფლიოს 146-ზე მეტ ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რუსეთშიც იყოს მიღებული.
"კამპანია, რომლის ჰეშტაგია: "მე არ მინდოდა სიკვდილი" ეძღვნებათ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლულ ქალებს და მათ, ვინც ახლა პასუხისმგებლობაშია მიცემული მოძალადე პარტნიორების მკვლელობის გამო. კანონის არსებობის შემთხვევაში, ის დაიცავდა ასეთ ქალებს პარტნიორებისგან და არ აიძულებდა თავდაცვის უკიდურესი ზომების გამოყენებას", - განმარტავენ ორგანიზატორები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ყოველი მეხუთე ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, ხოლო ქალების 80% იხდის სასჯელს მოძალადე პარტნიორის მკვლელობის გამო.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყოველდღიურად ფემიციდის შედეგად საშუალოდ 40 ქალი იღუპება, რაც ყოველწლიურად 14 000 უდრის.
ამ დროისთვის პეტიცია, რომელიც კამპანიის ნაწილი გახდა, ხელმოწერილია 470,000-ზე მეტი მომხმარებლის მიერ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში რუსეთმა მიიღო ცვლილება კანონში, რომლის თანახმად მოხდა ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, თუ ის განხორციელდა წელიწადში ერთხელ, გამოიწვია სისხლჩაქცევები და არა მოტეხილობები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 15 დღის ვადით ან ჯარიმით. თუ ერთი წლის და ერთი საათის შემდეგ მოძალადემ განმეორებით იძალადა მსხვერპლზე, ის კვლავ ჯარიმას გადაიხდის.
|