კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-08-02
საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად, კაცის თანხლების გარეშე შეუძლიათ საზღვარგარეთ გამგზავრება. ამის შესახებ ნათქვამია სამეფო განკარგულებებში, რომელიც 2 აგვისტოს გამოიცა.
ახალი წესის თანახმად, 21 წლის ზემოთ ქალებს შეუძლიათ პასპორტზე განაცხადი კაცი მეურვის ნებართვის გარეშე შეიტანონ.
BBC-ს ინფორმაციით, ქალებს ასევე უფლება ექნებათ დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, ქორწინება ან განქორწინება.
აქამდე ქალებს პასპორტის მიმღებისთვისა და მოგზაურობისთვის ნებართვა კაცისთვის უნდა ეთხოვა, იქნებოდა ეს მამა, ქმარი, ძმა თუ უახლოესი კაცი ნათესავი.
საუდის არაბეთის მმართველმა, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ქალებს ისეთი შეზღუდვები მოუხსნა, როგორიცაა მანქანის ტარება და სტადიონებზე მატჩის ყურება. 2016 წელს მან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც ქალების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.
მძიმე პირობებისა და უფლებების უგულებელყოფის გამო საუდის არაბეთიდან არაერთი ქალი გაიქცა. მათ შორის იყვნენ საუდელი დები, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, რომლებიც დახმარებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ყვებოდნენ, რომ თავის ქვეყანაში საფრთხის ქვეშ იყვნენ და დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდნენ. მათ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღეს თავშესაფარი.
|