კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-08-06
რუმინეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა – ეკატერინა ანდრონესკუმ კომენტარი ტელევიზიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში 15 წლის გოგო – ალექსანდრა მაკასენუ გაიტაცეს, გაუპატიურეს და მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა რუმინულ ტელევიზიასთან მიცემულ კომენტარში თქვა: „მე მასწავლიდნენ, რომ უცხო ადამიანებს მანქანით არ უნდა გავყოლოდი“.
განათლების მინისტრის ამ კომენტარმა სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. ანდრონესკუ პრემიერ-მინისტრმაც, ვიორიკა დენჩილმა გააკრიტიკა. „დიდი პრობლემაა. ეს კომენტარი აჩვენებს გაგების ნაკლებობას და არ გამოხატავს მთავრობის პოზიციას “, – თქვა მან. ამ შეფასების შემდეგ განათლების მინისტრმა დატოვა თანამდებობა.
ამ შემთხვევამდე, არასრულწლოვანის გატაცების და მკვლელობის საქმეზე თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაე მოგა. გამოძიებით დადგინდა, რომ გატაცებულ გოგოს სამჯერ ჰქონდა დარეკილი გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე, პოლიციას კი 19 საათი დასჭირდა იმისთვის, რომ მიეგნო ადგილისთვის, სადაც გატაცებული გოგო ჰყავდათ.
გამოძიებამ უკვე დააკავა ბრალდებული, 65 წლის კაცი, რომელმაც 15 წლის ალექსანდრას გარდა, კიდევ 18 წლის გოგოს მკვლელობაც დაადასტურა. ამ პროცესის მიუხედავად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუქარესტში არ წყდებოდა და უფრო მეტი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.
|