კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-09-06
საფრანგეთში დაიწყო ეროვნული კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრენიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან 100 ქალი მოკლული იქნა ამჟამინდელი ან ყოფილი ქმრების ან პარტნიორების მიერ. საშუალოდ, ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩხუბის, ეჭვიანობისა ან უბრალოდ აგრესიის შედეგად, ერთი ფრანგი ქალი იღუპება.
მიმდინარე წლის ივლისში პრობლემის განხილვა აქტიურად დაიწყო გენდერული თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მარლენ შიოპამ.
ფემინისტური და უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, დღეს საფრანგეთში სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები ხშირად სათანადოდ არ იცავენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
სისხლის სამართლის საქმეები თვეების განმავლობაში გრძელდება, პოლიცია კი ცდილობს არ მიიღოს განცხადებები მსხვერპლებისგან, დაზარალებულთა თავშესაფრების რაოდენობა საკმარისი არ არის, ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 79 მილიონი ევრო არ არის საკმარისი მათი შენახვისთვის. ამავდროულად, ძალადობის მსხვერპლთა და მოკლული ქალების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. უფლებადამცველები მოცემულ ვითარებას უკვე "ფემიციდის" ეპიდემია უწოდეს.
2019 წლის 25 ნოემბრამდე სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით საფრანგეთის მთავრობა შეაგროვებს მოქალაქეების, თანამდებობის პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს.
მთავრობა ასევე აპირებს კანონის რადიკალურ რეფორმას და ცალკეული საბიუჯეტო მუხლის გაჩენას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დასაფინანსებლად.
როგორც აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, 2020 წლის ბოლომდე საფრანგეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის 1000 ახალი თავშესაფარი გაიხსნება. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო უნდა იყოს გამოყოფილი.

შეიქმნება სპეციალური პოლიციის განყოფილებები, ხოლო პროკურორები გაივლიან ტრენინგებს ოჯახში ძალადობის საკითხებში.
გარდა ამისა, უფლებადამცველების რეკომენდაციით, დაზარალებულთა დაცვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებაში დახმარების აღმოჩენის მომენტიდან. ქვეყნის სასამართლოებში გაიხსნება "სასწრაფო დახმარების ოთახები" ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, სადაც ასეთი შემთხვევების განხილვას მომზადებული იურისტები არა უმეტეს ორი კვირისა და არა რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებენ.
ედუარდ ფილიპემ განაცხადა, რომ მთავრობა ასევე გეგმავს კანონში ცვლილებების მიღებას, რომლის თანახმად, მოძალადეები ვალდებულები იქნებიან ელექტრონული სამაჯურები ატარონ.
ედუარდ ფილიპეს გამოსვლამდე, უფლებადამცველები ითხოდნენ ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ბიუჯეტის მინიმუმ ხუთჯერ გაზრდას. ფრანგი ექსპერტების აზრით, ქვეყანაში არასაკმარისია თავშესაფრების რაოდენობაც და მათი აუცილებელი მინიმუმი შვიდ ათასს შეადგენს.
|