კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-09-10
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომხდარი ქალების სასტიკი მკვლელობების მერე დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ინციდენტები „ლაქაა“ ქვეყნის რეპუტაციისთვის. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.
”ეს ძალიან ბნელი პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის. ქალებზე თავდასხმები, გაუპატიურება და მკვლელობები ლაქაა ჩვენი ქვეყნისთვის “, - განაცხადა სირილ რამაფოსამ.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მიიღებს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის ახალ სამოქმედო გეგმას და გამოაქვეყნებს მოძალადეების სახელებს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს კანონში, რომლის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდება.
კეიპთაუნის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტის სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ქვეყანაში საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მომიტინგეები ითხოვენ ქალთა და ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის პასუხისმგებელ პირთა სიკვდილით დასჯას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველ ადგილზეა ჩადენილი გაუპატიურებების რაოდენობით მსოფლიოში. სექსუალური ძალადობის ფაქტები ამ თითქმის 49 მილიონიან ქვეყანაში ყოველ 56 წამში ერთხელ ხდება. გაეროს სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წელიწადში გაუპატიურების მინიმუმ 500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაბადებული გოგონებისა და ქალებისთვის, გაუპატიურების მსხვერპლად გახდომის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე კითხვის სწავლის ალბათობა.
2009 წელს სამხრეთ აფრიკელ კაცთა შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოთხიდან ერთმა ჩაიდინა სექსუალური დანაშაული, ხოლო ყოველმა მეორემ არაერთხელ გააუპატიურა ქალები და გოგონები. მოზარდების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს გაუპატიურებას ძალადობრივ ქმედებად და რომ jackrolling-ი (ე.წ. ჯგუფური გაუპატიურება პრეტორიასა და იოჰანესბურგის ღარიბულ უბნებში) "მშვენიერი გასართობია".
2016 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის მინიმუმ 120 ათასი შემთხვევა, რომელთა მსხვერპლი 16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გახდნენ.
|