კატეგორია: გენდერი კავკასიაში  2019-09-27
პარლამენტის შესასვლელთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობა“ იყო. მონაწილეებმა დეპუტატის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებას ქალების შანტაჟზე მკაფიო რეაგირება უნდა ჰქონდეს. აქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია, მოძრაობა „სირცხვილია“ და „ლელოს“ წევრებიც შეუერთდნენ.
"სოლიდარობა ეკა ბესელიას!" — ეს წარწერები ქალთა მოძრაობის წევრებმა დღეს ყველა იმ მანქანის მინაზე გააკრეს, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო გაჩერებული.
მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებულად ელოდებიან ქალი პოლიტიკოსების სოლიდარობას და იმას, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად მათ გვერდით დადგებიან.
"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მისივე სექსუალობაა. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდე გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეობის ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში მათი გავრცელება, რომელიც მთავარ ტერორისტულ აქტად იქცა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტი ქალის წინააღმდეგ", — წერია განცხადებაში.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეკა ბესელია სისტემის მსხვერპლია და პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ფასეულობების სხვაობის მიუხედავად, მის მიმართ ყველა სოლიდალური უნდა იყოს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, სოლიდარობისთვისა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
"ასეთ დროს თითოეულის პრინციპულობა, თანადგომა და გამბედაობა არის ძალა და მოტივაცია შევაჩეროთ ძალადობა და უსამართლობა! არ შეშინდეთ არასოდეს როცა მართალი ხართ!" — წერს დეპუტატი ფეისბუქზე.
26 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რაც კამათის დროს ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე მინიშნებას მოჰყვა. მოგვიანებით ბესელიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომლის პარტიის სახელითაც ვანო ზარდიაშვილი ლაპარაკობდა.
|