კატეგორია: გენდერი კავკასიაში  2019-10-04
2019 წლის 2 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, მესამე კომიტეტის დღის წესრიგის 25-ე საკითხის „სოციალური განვითარება“ შესახებ.
თავის გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი ადამიანებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და პირველ რიგში, მათი ხმის გაგონება.
საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა, ასევე, ხაზგასმით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
რუსი დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ მას შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ულებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
|