კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-10-04
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი აშშ-ში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაზე 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ მან ჟურნალ Time-ში დაწერა.
საკუთარი საინვესტიციო კომპანია Pivotal Ventures-ის მეშვეობით მელინდა გეიტსი დააფინანსებს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა შესაძლებლობების გაფართოებისთვის ინოვაციურ სტრატეგიებს ნერგავენ.
კერძოდ, გეიტსი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ქალთა პროფესიული ზრდის გზაზე არსებული წინააღმდეგობების დაძლევას და სოციალურად მნიშვნელოვან სფეროებში ქალთა წინსვლას უწყობს ხელს.
„მსურს, მეტ ქალს ვხედავდე ისეთ პოზიციებზე, სადაც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რესურსებს გააკონტროლებენ და პოლიტიკას ჩამოაყალიბებენ. ქალთა პოტენციალში ინვესტირება აუცილებელია“, - აცხადებს მელინდა გეიტსი.
2000 წელს მელინდა გეიტსმა მეუღლესთან ერთად დააფუძნა „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“, რომელიც სოციალურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო პროექტებს და გენდერული თანასწორობის სფეროში ინიციატივებს უჭერს მხარს. |