კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-10-16
ჟურნალმა National Geographic– მა 167 ქვეყანაში ქალების უსაფრთხოება შეაფასა და 2019 წლის „Women, Peace, and Security Index“-ი (WPS Index) გამოაქვეყნა.
ქვეყნების რეიტინგის შედგენისას სამი ძირითადი ინდიკატორი იყო გამოყენებული: ქალების მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, უსაფრთხოება და სამართლიანობა, რაც დისკრიმინაციის არარსებობას გულისხმობს.
მკვლევარებმა ქალების უსაფრთხოების მაჩვენებელი სამი პარამეტრის მიხედვით შეაფასეს: პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შესაძლებლობა, უსაფრთხოების განცდა სახლის გარეთ და სიკვდილიანობა შეიარაღებული კონფლიქტის გამო.
რეიტინგის შედგენისას ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, მათი განათლების და შემოსავლის მაჩვენებლებზე.
WPS Index-ის თანახმად პირველი ადგილი რეიტინგში ნორვეგიამ დაიკავა, მას მოყვება შვეიცარია და ფინეთი.
რეიტინგში ბოლო სამი ადგილი კი სირიას, ავღანეთსა და იემენს ერგო, ხოლო აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მონაცემების შეგროვება შეუძლებელი გახდა.
საქართველოში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დასახელდა. ინდექსის მიხედვით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომლებიც დასაქმების სფეროში გენდერულ დისკრიმინაციას შეეხება. ამავე დროს, ქვეყანაში პარტნიორების მხრიდან ქალთა მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის დაბალი რისკია.
Women, Peace, and Security Index-ი პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. National Geographic- ის გარდა, რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდენ ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტისა და ოსლოს მშვიდობის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
|