კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-10-28
ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ელექტრონულ ზედამხედველობაში იგულისხმება სპეციალური სამაჯური, რომელსაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერის გაცემისას დაუმაგრებენ.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მსხვერპლი ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს თავად ატყობინებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის ამას ვერ ახერხებს ან უბრალოდ თავს იკავებს. ცვლილებების მიღების შემდეგ მოძალადეს, რომელსაც ორდერს გამოუწერენ, ასევე სამაჯურს, მსხვერპლს კი სპეციალურ მოწყობილობას დაუმაგრებენ. მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების შემთხვევაში სამაჯური ავტომატურად გაგზავნის შეტყობინებას პოლიციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს 8 ათასამდე შემაკავებელი ორდერი გაიცა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობას 11 ქალი ემსხვერპლა.
|