კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-11-06
საფრანგეთის რევოლუციამ ისტორიას მრავალი გამოჩენილი ქალის სახელი დაუტოვა. ქვეყანაში ქალთა სტატუსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები 1789-1804 წლებში განიცადა. 1792-93 წელს ქალებმა იმასაც კი მიაღწიეს, რომ ქორწინება მშობლის ნებართვის გარეშე და გაყრის პროცესის წამოწყება, ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვის მამის სახელის დასახელება, შეცდენის ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა და საკუთრების ქონა შეეძლოთ.
ოლიმპ დე გუჟი - მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკური აქტივისტი და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.
ის 1748 წლის 7 მაისს დაიბადა. თექვსმეტი წლის ასაკში, დე გუჟი ლუი ობრეზე დააქორწინეს, კაცზე, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც 1770 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.
პარიზში გადასვლის შემდეგ, ოლიმპია ცდილობდა, არისტოკრატებს დაახლოვებოდა. ის ხშირად აწყობდა სალონურ შეხვედრებს და უახლოვდებოდა მწერლებსა და ინტელექტუალებს. 1784 წელს, მან თავადაც დაიწყო მწერლის კარიერა.
ოლიმპია საფრანგეთის რევოლუციისა და დიდი ტერორის დროს თავის დამოკიდებულებებს თავისივე ნაწარმოებებით გამოხატავდა. დე გუჟი ადამიანის და ქალთა უფლებების გულმხურვალე დამცველი იყო და უსამართლობის ყველა ფორმას ეწინააღმდეგებოდა. როდესაც საზოგადოებრივი დაძაბულობა გაიზარდა, ის უფრო აქტიურად ჩაერთო სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტია „ქალისა და ქალი მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, რომელიც 1791 წელს დაწერა საფრანგეთის კონსტიტუციის (“კაცების უფლებებისა და მოქალაქეების დეკლარაციაზე”) მიღების საპასუხოდ. თავის „დეკლარაციაში“ ის მოითხოვდა სქესთა სრულ თანასწორუფლებიანობას, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობას გოგონებისთვის, დასაქმების ფართო შესაძლებლობებს ქალებისთვის და სხვ.
ის, ასევე, მოითხოვდა ქალთა გენერალური ასამბლეის დაარსებას და აცხადებდა, რომ: „ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე, ასევე უნდა ჰქონდეს მას უფლება, ავიდეს ტრიბუნაზე“.
თავის ტექსტებს დე გუჟი ხელს „ქალი მოქალაქე“ აწერდა. ეს სიტყვა ახალი და უპრეცედენტო იყო ფრანგულ ენაში, რომელშიც მხოლოდ ტერმინი "მოქალაქე" გამოიყენებოდა. თუმცა 1792 წელს "ქალი მოქალაქე" აღიარებულ იქნა ოფიციალურ ტერმინად.
ოლიმპიას ჰქონდა შემუშავებული დეტალური სოციალური პროგრამა, რომელიც მან რევოლუციურ მთავრობას შესთავაზა. პროგრამა მოიცავდა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებების დაცვას, სამშობიაროების შექმნას, სადაც ქალები მიიღებდენ პროფესიულ დახმარებას და მომსახურებას, უსახლკარო ქალთა თავშესაფრების შექმნას.
გარდა ქალთა უფლებების დაცვისა, დე გუჟი სიკვდილით დასჯის დიდი მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ლუი მე-16, რის გამოც გუჟიმ რესპუბლიკელების დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
მოკლე დროში ოლიმპიამ რევოლუციის მტრის რეპუტაციაც მოიპოვა.
1793 წელს მისი ძალიან ბევრი თანამოაზრე, მათ შორის, ჟირონდისტები დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. მან ტერორის და თავად მარატის წინააღმდეგ გამოდიოდა, სასამართლო პროცესის დროს იცავდა მეფეს, ხოლო 1793 წლის ზაფხულში, როდესაც ჟირონდისტები გააძევეს კონვენტიდან, ის ითხოვდა ხალხისთვის უფლებას თვითონ, გადაეწყვიტათ, რომელი მმართველობის ფორმა და რომლის პოლიტიკურ პროგრამას აირჩევდნენ: იაკობინელების, ჟირონდისტების თუ ფელიანელების.
ამის შემდეგ დე გუჟი კონტრრევოლუციონერობისთვის დააპატიმრეს. უფრო სწორედ ის თავად ჩაბარდა ხელისუფლებას. ქალმა ციხეში 3 თვე გაატარა. მას არ ჰყავდა ადვოკატი, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გუჟისს ადვოკატის გარეშეც კარგად შეეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და დაცვა. ციხეში ყოფნის პერიოდში დე გუჟმა, მეგობრების დახმარებით, შეძლო დაემთავრებინა თავისი ორი ნაშრომი, რომელიც რევოლუციის ტრიბუნალს მიუძღვნა.
იმ პერიოდში უამრავი პოლიტიკურად აქტიური ქალი დასაჯეს სიკვდილით და ალბათ, დე გუჟი მშვენივრად აცნობიერებდა რა ბედი ელოდა მას. 1793 წლის 3 ნოემბერს ოლიმპ დე გუჟს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.
|