კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-11-07
ზუგდიდში ოჯახის მხარდამჭერ დღის ცენტრში ამოქმედდა სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლის ფარგლებში მხვერპლთა პარალელურად, პირველად მოძალადეების რეაბილიტაციაზეც იზრუნებენ.
ცენტრის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენცია, შემთხვევების გამოვლენა და მოძალადეების ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაა. ცენტრი ადგილობრივი ასოციაცია "მერკურის" ერთ-ერთი პროექტია, რომელიც რეგიონის მასშტაბით მოქალაქეებს, მათ შორის აფხაზეთის მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება.
ორგანიზაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის ნანა თოდუას განცხადებით, ისინი წლის განმავლობაში 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრში რამდენიმე მოძალადე უკვე გადის ფსიქოთერაპიის კურსს.
„პირველ რიგში ვიწყებთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან ქცევის კორექციაზე მუშაობას. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ ცენტრთან, რომელთან თანამშრომლობით მოხდება ბენეფიციარების მომსახურება. ეს არის სიახლე ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ამ ტიპის მომსახურებას მხოლოდ პენიტენციალურ დაწესებულებაში და პრობაციის ბიუროში უწევდნენ. ასე ვთქვათ, საპილოტე პროგრამაა" -ამბობს ნანა თოდუა.
ახალი სივრცე გარემონტდა პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის ჩამდენ პირთა თერაპიის სისტემის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელის მხარდამჭერი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი კი პოლონური ორგანიზაცია "ჰუმან დოკ ფოუნდეიშენ"-ია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რომელიც 2018 წლის მარტში გაიხსნა.
|