კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-12-06
ნიუ – იორკის შტატის კანონმდებლებმა საქალწულე აპკის შემოწმების პრაქტიკის აკრძალვის მიზნით, კანონპროექტი შეიმუშავეს.
როგორც ახალი კანონპროექტის ავტორები აცხადებენ საქალწულე აპკის შემოწმება ”ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა”.
კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელებიც, ნიუ-იორკის შტატის ასამბლეა 2020 წლის იანვარში განიხილავს.
თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, შტატში პროცედურა უკანონო გახდება და ექიმები, რომლებიც გააგრძელებენ მის ჩატარებას, დაკარგავენ ლიცენზიას. სისხლის სამართლის საქმე კი იმ ექიმების მიმართ აღიძვრება, რომლებიც ამ პროცედურას კლინიკის გარეთ ჩაატარებენ.
აშშ-ი ამჟამად არც ფედერალურ, არც შტატების დონეზე არ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავენ ამ პროცედურის ჩატარებას.
2018 წელს სამმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - ქალწულობის შემოწმების სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:
"სამედიცინო თვალსაზრისით ეს არა აუცილებელი და არასაჭირო სოციალური პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტკივილის, დამცირებისა და ტრავმის გამომწვევია, უნდა აიკრძალოს".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქალწულე აპკის შემოწმების პროცედურები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.
ზოგიერთ კულტურაში კი, საქალწულე აპკის შემოწმების გარეშე ქალს ქორწინება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, T.I.-მ პოდკასტში Ladies Like Us საუბრისას განაცხადა, რომ ყოველწლიურად თავისი 18 წლის შვილი, დეია ჰარისი გინეკოლოგთან საქალწულე აპკის შესამოწმებლად მიჰყავს. მომღერლის განცხადებით, მას სურს გააკონტროლოს, ჰქონდა თუ არა მის შვილს სექსი.
T.I.-ს ამ განცხადებას არაერთი ორგანიზაცია თუ საჯარო პირი გამოეხმაურა. პოდკასტი, სადაც რეპერი ამ საკითხზე საუბრობდა, ოფიციალური საიტიდან წაიშალა და გადაცემამ Ladies Like Us ამ ფაქტის გამო ბოდიშიც მოიხადა.
|