კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-12-09
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რესტორნებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ქალებსა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა შესასვლელი ჰქონდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანსა და კაფეს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.
საუდელი მამაკაცები და ქალები - თუ ოჯახის წევრები ან ნათესავები არ არიან - ერთად, ერთმანეთის გვერდით არ უნდა იმყოფებოდნენ. ამიტომ ქალებსა და მამაკაცებს ცალ-ცალკე ადგილები აქვთ მიჩენილი რესტორნებსა და კაფეებში, საკონცერტო დარბაზებში და კონფერენციებზე.
ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“ ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის, მანქანის მართვის და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს.
|