კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-12-16
თურქმა დეპუტატმა ქალებმა პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი გააპროტესტეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის Las Tesis სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ.
ამ სიმღერას ფემინისტები და ქალების უფლებების დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. გასულ კვირას ის სტამბოლის ოლქში გამართულ დემონსტრაციაზეც გაჟღერდა, მაგრამ სამართალდამცველებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს.
დეპუტატმა სერა კადეღილმა დარბაზში მყოფ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და აუხსნა, რომ სიმღერის მიზეზი ქალების წინააღმდეგ ძალადობისკენ ყურადღების გაზრდაა. „მაგრამ თქვენი წყალობით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ პროტესტში მონაწილეობისთვის დეპუტატის იმუნიტეტი უნდა გქონდეს“, - განაცხადა პარლამენტარმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთში მცხოვრები ქალების 38% ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. თურქეთის უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, 2018 წელს კაცებმა თურქეთში 440 ქალი მოკლეს.
|