კატეგორია: სპორტი  2019-12-20
დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.
დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს 25 წლის ინგლისელმა ფალონ შეროკმა ისტორია დაწერა. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც PDC მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში მამაკაცი დაამარცხა - თანამემამულე ტედ ევეტსი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
“მიხარია, რომ დარტსში ამას მივაღწიე. იმედი მაქვს, რომ სპორტის ამ სახეობაში მეტი ქალი ჩაერთვება,” - განაცხადა თვალცრემლიანმა შეროკმა გამარჯვების შემდეგ.
მატჩის გადამწყვეტი მომენტის ვიდეოს, რომელიც დარტსის პროფესიონალური კორპორაციის ტვიტერის გვერდზე აიტვირთა, ერთ საათში 300 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს ორი ქალი მონაწილეობს. შეროკის გარდა, ტურნირში მონაწილეობისთვის იაპონელი მიკურუ სუძუკი შეირჩა, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. თუმცა მან მატჩი ჯეიმს რიჩარდსონთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

შეროკი მეორე წრეში, შაბათს, ავსტრიელ მენსურ სულჯოვიჩს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქალებმა დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატი ლონდონში 12 დეკემბერს დაიწყო და 1 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირი 1994 წლიდან ტარდება.
|