Категория: Спорт ![](images/shortcut.gif) 2020-01-16
შოჰრე ბაიათმა- ირანის სპორტის ფედერაციის პირველმა ქალმა გენერალურმა მდივანმა და ასევე ჭადრაკის ფედერაციის ყოფილმა მდივანმა გადაწყვიტა არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში მის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მსოფლიოში უმაღლესი დონის საერთაშორისო არბიტრებს შორის მხოლოდ რამდენიმე ქალია, მათ შორის შოჰრე ბაიათი. აზიაში კი ის ერთადერთი ქალი საერთაშორისო არბიტრია.
32 წლის ირანელისთვის, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 3-26 იანვარს ჩინეთის ქ. შანხაიში და რუსეთის ქ. ვლადივოსტოკში იმართება, მნიშვნელოვანი კარიერული მოვლენაა, სადაც ის პირველად მთავარი მსაჯის როლს ასრულებს.
ჩემპიონატის მსვლელობისას გადაღებულმა შოჰრე ბაიათის ფოტოებმა, სადაც ის ჰიჯაბის გარეშეა დაფიქსირებული ირანულ მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
![](http://www.ginsc.net/upload_files/news/full/110515608shkhre8755.jpg)
შოჰრე ბაიათი ამბობს, რომ ახლა შიშობს თავისი უსაფრთხოების გამო და ასევე აღნიშნავს, რომ ირანში დაბრუნების შემდეგ ის შესაძლოა დააკავონ დრესკოდის დარღვევის გამო, რომელიც დაწესებულია ქალებისთვის ისლამურ სახელმწიფოში.
”ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება ჩაიცვას ისე, როგორც მათ სურთ“- განმარტავს შოჰრე ბაიათი.
შოჰრე ბაიათმა სამშობლოში დაბრუნებისას მისი უსაფრთხოების გარანტიის თხოვნით მიმართა ირანის ჭადრაკის ფედერაციას, თუმცა ფედერაციამ უარი თქვა მის მოთხოვნაზე.
უარის მიღების შემდეგ, დაბრუნება ირანში, მისი აზრით, სარისკოა.
"ირანში ბევრი ქალია, რომლებიც ჰიჯაბის გამო მოხვდნენ ციხეში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მათ შეუძლიათ მე სამაგალითოდ დამსაჯონ", - განმარტავს ბაიათი და დასძენს, რომ იგი პანიკაში ჩავარდა, როდესაც დაინახა რა რეაქცია მოჰყვა მისი ფოტოების გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში.
|