კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-01-17
იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა, კოიძუმო სინძირომ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილია, გადაწყვიტა დეკრეტული შვებულების აღება. ამ თვის ბოლოს სინძირო პირველი შვილის დაბადებას ელოდება, იტყობინება BBC-ი.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წევრი დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს.
ბავშვის დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, კოიძუმო მოკლე სამუშაო დღის და დისტანციური მუშაობის უფლებით ისარგებლებს.
მისი თქმით, ის აპირებს აქტიურად გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა და ვიდეოკონფერენციების ფორმატი მუშაობის პროცესში, ასევე სთხოვს მოადგილეებს წარმოადგინონ ის სხვადასხვა შეხვედრებზე. თუმცა კოიძუმომ დაამატა, რომ ის არ გამოტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიცაა პარლამენტის სხდომები.
კოიძუმოს განცხადებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იაპონიის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ნგრევას დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით.
იაპონიაში, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს და ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს როგორც ქალმა, ასევე კაცმა. თუმცა 2018 წელს, მამების მხოლოდ 6% –მა გამოიყენა ეს უფლება. ქალებისთვის კი ეს მაჩვენებელი 82% შეადგენს.
|