კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-02-06
ფინეთის ახალი მთავრობა გეგმავს გაათანაბროს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა ქალებისთვის და კაცებისთვის. თითოეულ მშობელს ექნება უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით 6.6 თვის (164 დღე) განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება ВВС-ი.
ინფორმაციის თანახმად, ასეთი სიახლე დაეხმარება კაცებს მეტი დრო გაატარონ შვილებთან. ასევე, ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
თუ მთავრობა დაამტკიცებს ცვლილებებს, კაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა იქნება თითქმის 7 თვე. რაც შეეხება ქალებს, პარტნიორებს თავიანთი კვოტის გადანაწილების უფლება ექნებათ. გარდა ამისა, ქალები ასევე შეინარჩუნებენ უფლებას მიიღონ დამატებით ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება მშობიარობამდე. არასრული ოჯახი, სადაც ბავშვს ზრდის მხოლოდ ერთი მშობელი, მიიღებს 7 თვიან ორ კვოტას ერთდროულად.
მოქმედი სისტემის თანახმად ფინეთში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა ქალებისთვის 4.2 თვეს შეადგენს, ხოლო მამებს ეძლევათ 2.2 თვიანი შვებულება. ამასთან, მშობლებს შეუძლიათ დამატებით კიდევ 6 თვიანი დეკრეტული შვებულების აღება, რომელიც მათ შორის უნდა განაწილდეს. თუმცა, საშუალოდ, ოთხი მამიდან მხოლოდ ერთი სარგებლობს დეკრეტული შვებულებით.
გასულ თვეში, ფინეთის პრემიერ- მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად მის ქვეყანას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ფინელი კაცი ატარებს საკმარის დროს თავის მცირეწლოვან შვილებთან.
მსოფლიოში გენდერულად ნეიტრალური დეკრეტული შვებულების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ასე პორტუგალიაში როგორც დედას, ასევე მამას 100% -იანი ხელფასის შენარჩუნებით შეუძლია 120 დღიანი დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს. ასევე მშობლებს ეძლევათ კიდევ 30 დღიანი შვებულება, იმ პირობით, რომ ისინი მიიღებენ ხელფასის მხოლოდ 80% -ს. დანიაში, მამაკაცებს დეკრეტული შვებულების აღება შეუძლიად მშობიარობიდან ორი კვირის განმავლობაში. ამავდროულად, ცოლ-ქმარს შეუძლია ერთმანეთში გაინაწილონ დეკრეტული შვებულება (4 თვე).
2018 წლის UNICEF- ის მოხსენების თანახმად, შვედეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ესტონეთმა და პორტუგალიამ, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს ოჯახში საუკეთესო პოლიტიკის შემოთავაზებისთვის (the best family-friendly policies). |