კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-02-10
ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონია შედგა. ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ჩაცმულობებით გაიარეს. თუმცა მათ შორის რამდენიმემ თავისი ჩაცმულობით მნიშვნელოვანი გზავნილიც გაგვიზიარა.
მსახიობმა ნატალი პორტმანმა ამერიკული კინოაკადემია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ წელსაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში არცერთი ქალი არ იყო წარდგენილი.
მსახიობი კამერების წინ „Dior“–ის სამოსით გამოჩნდა, მის მოსასხამზე კი იმ რეჟისორი ქალების სახელები ჰქონდა ამოქარგული, რომელთა ფილმებიც გასულ წელს გამოვიდა, თუმცა აკადემიამ არ შეიმჩნია: ლორენ სკაფარია (Hustlers), ლულუ ვანგი (The Farewell), გრეტა გერვიგი (Little Women), მარიელე ჰელერი (A Beautiful Day in the Neighborhood), მელინა მაცუკასი (Queen & Slim), ალმა ჰარელი (Honey Boy), სელინ შიამა (Portrait of a Lady on Fire) და მატი დიოპი (Atlantics).

წლევანდელ დაჯილდოვებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მხოლოდ მამაკაცი რეჟისორები იყვნენ წარდგენილნი: მარტინ სკორსეზე (The Irishman), კვენტინ ტარანტინო (Once Upon a Time in Hollywood), ბონგ ჯუნ ჰო (Parasite), სემ მენდესი (1917) და ტოდ ფილიპსი (Joker). ამის გამო ამერიკულ აკადემიას ბევრი აკრიტიკებდა. განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ აკადემია მხოლოდ რეჟისორი კაცების ნამუშევრებს აფასებს და მაგალითად 6 ნომინაციის მქონე ფილმის, Little Women-ის რეჟისორი, გრეტა გერვიგი წელს არ წარადგინეს მათ გვერდით.
გრეტა გერვიგი 2018 წელს ოსკარებზე ფილმით Lady Bird საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოხვდა და ამით მეხუთე ქალი გახდა, ვინც 92-წლიანი დაჯილდოების ისტორიაში ამ კატეგორიაში წარადგინეს.
მას შემდეგ კვლავ არცერთი რეჟისორი ქალი მომხვდარა ფინალისტებს შორის, რის გამოც ხშირად მიიჩნევენ, რომ ოსკარებზე ხელოვან ქალებს სათანადოდ არ აფასებენ.
|