კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-02-11
ტეილორ სვიფტმა YouTube-ზე lyric - კლიპი სიმღერისთვის "The Man" წარადგინა, რომელიც შედის მის ახალ მეშვიდე სტუდიურ ალბომში "Lover".
ამერიკელმა მომღერალმა სიმღერა სამუშაო ადგილზე სექსიზმსა და „შუშის ჭერის“ პრობლემას მიუძღვნა, ასევე საკუთარ ბრძოლას, რომელიც მან მუსიკალური ინდუსტრიის მწვერვალზე ასასვლელად გასწია.
ეს თემები აისახა ანიმაციურ კლიპში, რომელშიც ქალი პერსონაჟი ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენასა და წინსვლას კაცებითა და კიბეებით სავსე ქალაქში. კლიპის გმირი ამ კიბეებზე ასვლას ცდილობს, თუმცა თითოეულ ახალ დონეზე ის ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება. საბოლოოდ, მას ეხმარება ქალი, რომელიც მწვერვალზე ასასვლელად ხელს აწვდის და აჩვენებს,რომ ქალებისთვის წარმატებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა ერთმანეთის მხარდაჭერაშია.
2019 წელს ტეილორ სვიფტმა Billboard Women in Music (Billboard ქალები მუსიკაში) ჯილდო მიიღო. დაჯილდოების შემდეგ ის სიტყვით გამოვიდა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში კაცების ტოქსიკურ პრივილეგიებს ეხებოდა.
Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი მომღერალმა აღნიშნა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში სექსიზმი ხშირი მოვლენაა და ქალებისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა.
"როცა თინეიჯერი ვიყავი ამას ნაკლებად ვამჩნევდი და სულ მიკვირდა. ახლა, როგორც ზრდასრული ქალი ვხვდები, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და ამიტომაც ვერ ვამჩნევდი. გამხდარი გოგონა ვიყავი, რომელიც კაცებს თავიანთ ძმის შვილს მოაგონებდათ. როდესაც სტადიონების შევსება დავიწყე და უფრო ქალური გავხდი მაშინ ყველაფერი შეიცვალა."- განაცხადა მაშინ სვიფტმა.
Forbes-ის მიხედვით, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სათავეშია. მისი შემოსავალი 2019 წლის განმავლობაში 131%-ით გაიზარდა, რაც 185 მილიონი დოლარია.
|